ახალი ამბები

სააკაშვილი ზელენსკიზე: გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი

4 ივლისი, 2023 • 752
სააკაშვილი ზელენსკიზე: გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი

მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მიმდინარე ომსა და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს უკრაინის პრეზიდენტმა მისთვის მოიცალა, რითაც ადამიანურობის ეტალონი გამოაჩინა:

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის. როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს.

მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ. უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან. ასევე დიდი მადლობა ანდრეი ერმაკს, მიხაილო პოდოლიაკს და დმიტრო კულებას“, — წერია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

3 ივლისს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო. მანამდე, დიდი ხნის განმავლობაში ის საზოგადოებას არ უნახავს. სწორედ სააკაშვილის გამოჩენას მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ კრემლი „საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს სააკაშვილს“. უკრაინის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, საქართველოს ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებისა და 48 საათის განმავლობაში თბილისში კონსულტაციებზე დაბრუნების შეთავაზების შესახებ.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის მიერ არჩეული პროცედურა არ არის დამახასიათებელი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტაციებისთვის გაიწვიოს საკუთარი ელჩი, მაგრამ არა ის, რომ სხვა სახელმწიფოს ელჩი გააძევოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადების ან აკრედიტაციის ჩამორთმევის გზით.

„თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა არ გადაედგა ეს მძიმე ნაბიჯი და შესთავაზა პროცედურა, რომელსაც არ აქვს მკაფიო სახელი და წესები“, — წერს „ევროპეისკა პრავდა“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 3 ივლისის გადაწყვეტილებას უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით.

სააკაშვილის გამო ზელენსკი საქართველოს ელჩს თბილისში აგზავნის

მასალების გადაბეჭდვის წესი