ახალი ამბები

მანიპულაციაა, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი შესრულდა — კობახიძე

4 ივლისი, 2023 • 1080
მანიპულაციაა, რომ 12-დან 3 პრიორიტეტი შესრულდა — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ერთი მხრივ, აცხადებს, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თავსებადია „ქართული ოცნების“ შეფასებასთან, მეორე მხრივ კი, ამბობს, რომ მანიპულაციაა, თითქოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შესრულდა.

„12-დან შესრულდა მხოლოდ 3 არის მანიპულაცია. ევროკომისარ ვარჰეის არ ვადანაშაულებ არაფერში. ჩვენი და ვარჰეის შეფასებებს შორის არის თავსებადობა. დღეს დეტალური ანალიზი იმისთვის კი არ წარმოვადგინეთ, რომ 12-ზე და 3-ზე გვესაუბრა, არამედ გვესაუბრა სიღრმისეულად. ევროკომისიამ იქვე წარმოადგინა ის 18 პუნქტი, რაც არის შესასრულებელი. და იმ 18 პუნქტს თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ რეალურად, მთლიანობაში, ხარისხობრივად, რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. 18 პუნქტიდან 13 თუ 14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას. გეუბნებიან, რომ არის კანონმდებლობა, კი ბატონო, კარგია და ახლა მიხედეთ პრაქტიკას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავად კობახიძის შეფასებით, ხელისუფლებამ შეასრულა 12-ივე პრიორიტეტი.

„რაღაცის არგაკეთებას არავინ გვედავება. პრაქტიკაზეა საუბარი… არის რამდენიმე თვე. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს და მზად ვართ სამ სფეროში კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისთვისაც“, — დასძინა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ არავის დაუყენებია მოთხოვნა, 12 პრიორიტეტი 100%-ით უნდა შესრულდეს.

ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდ რეკომენდაციაზე აქვს გარკვეული პროგრესი, შეზღუდულ პროგრესს მიაღწია დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციაში, ხოლო მედიის თავისუფლების პირობაში საერთოდ არ აქვს წინსვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი