„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, კასპში პარტიის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს და სხვა წევრებს “ქართული ოცნების” „აქტივისტები და საკრებულოს წევრები მიუვარდნენ“. პარტიის განცხადებით, მისულებმა „დააზიანეს [ხაბეიშვილის] ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს [ხაბეიშვილს]“.
პარტიის მტკიცებით, ხაბეიშვილს დახვდნენ: „ქართული ოცნების აქტივისტები, გორის და კასპის საკრებულოს წევრები და სსიპების და ააიპების თანამშრომლები“.
თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ „ეს ყველაფერი ორგანიზებულია“ და ამატებს, რომ „ოცნების“ აქტივისტები მას ყველგან დაჰყვებიან. „ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ“, – აღნიშნავს იგი.
გორის საკრებულოს წევრის, ანო ბალიაშვილის გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ „ნაცმოძრაობის“ მოწინააღმდეგენი, მათ შორის, უცენზურო ჟესტებს [„შუა თითს“] უჩვენებენ დეპუტატს. ერთ-ერთი პირი კი ამბობს, რომ მართლაც არის გორის მერიის ააიპ-ის თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ამჟამად ვითარებას არკვევენ და დეტალებს მოგვიანებით მოგვაწვდიან.