ახალი ამბები

ღარიბაშვილს პარლამენტთან აქციით დახვდნენ

30 ივნისი, 2023 •
ღარიბაშვილს პარლამენტთან აქციით დახვდნენ

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ოპოზიციონერი აქტივისტები აქციას მართავენ.

„დღეს კოლაბორაციონისტი ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს, სიცრუით სავსე ანგარიში წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენ ყველანი უნდა დავხვდეთ პროტესტით და მან უნდა იგრძნოს, რომ ის არის მოღალატე, კოლაბორაციონისტი, რუსეთთან მოთანამშრომლე, არალეგიტიმური პრემიერი.

კომფორტულად ის ვერსად იქნება და არსად დახვდებიან სიხარულით ამ ადამიანს იმიტომ, რომ ის არის ოკუპანტ ქვეყანასთან კოლაბორაციაში მხილებული პრემიერი“, — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე იგორ ნარმანია.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ. პარლამენტთან ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას აგინა.

შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე შედის პარლამენტში. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას აძახებს – „წადი, შენი დედაც…“.

თავად ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელეკომაპნიასთან შემდგომ უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.

„ვინაა ნანუკა ქაჯაია? ვისაც ვაგინე, მან გაიგო. კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით..,“, —თქვა მან და კატეგორიულად უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი