საქართველოს რკინიგზის თანახმად, ლიანდაგების დატბორვით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია და რეისები ჩვეულებრივ სრულდება. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” რკინიგზის პრესსამსახურში განუცხადეს.
მანამდე, 29 ივნისის ღამით, საქართველოს რკინიგზა იუწყებოდა, რომ დასავლეთში მოსული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა წყალმა ლიანდაგები დატბორა. ამის გამო მატარებლების გადაადგილება თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით შეჩერებული იყო.
მოგვიანებით რკინიგზამ ინფორმაცია განაახლა და თქვა, რომ ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება ყოფილიყო გზის სხვა მონაკვეთებზეც.
30 ივნისის დილას რკინიგზის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრობლემები აღმოფხვრილია და რეისები შეზღუდვების გარეშე სრულდება.