ახალი ამბები

„მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესი“ — სტატუსმეტრი

28 ივნისი, 2023 •
„მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესი“ — სტატუსმეტრი

„ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით მეოთხე სტატუსმეტრი, რომელიც ევროკომისიის 12 პირობის შესრულების მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტი აფასებს 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდს, შესაბამისად, სტატუსმეტრი არ ასახავს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესაძლო გავლენას კრიტერიუმების შესრულებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გვარამიას გათავისუფლება, მართალია, წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც მედიის თავისუფლების, ისე დეპოლარიზაციის კუთხით, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება არ მიესალმა ამ გადაწყვეტილებას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ პერიოდში:

სრულად შესრულდა:

  • სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება;

მეტწილად შესრულებულია:

  • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.

ნაწილობრივ შესრულდა:

  • საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები;
  • დამოუკიდებელი სასამართლო;
  • ანტიკორუფციული ზომები;
  • მოწყვლადი ჯგუფები;
  • დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.

შესასრულებელია:

  • დეპოლარიზაცია;
  • დეოლიგაქრიზაცია;
  • მედია;
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

სტატუსმესტრის შედეგები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მეტ პირობას თვლის შესრულებულად.

„ის ჯგუფები, რომლებიც [საქართველოში] აფასებენ კრიტერიუმების შესრულებას, უფრო კრიტიკულად უდგებიან ამ საკითხს, ვიდრე ევროკომისია. ვფიქრობ, ამით არის განპირობებული, რომ შეფასებებში ოდნავ განსხვავებაა. გამომდინარე იქიდან, რომ 15 ივნისის მდგომარეობით არის ეს ანგარიში და მის მერე განვითარებები იყო ბევრი მიმართულებით, მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც დონეზე შეფასებები აიწიოს და დაეწიოს იმას, რაც აქვს ევროკომისიას“, — ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძის აზრით, ევროკომისიის შეფასებიდანაც ჩანს და ისედაც ცალსახაა, რომ „ევროკავშირის მხრიდან უფრო დიდია სურვილი, რომ საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.

წინა სტატუსმეტრთან შედარებით, გაუმჯობესება დაფიქსირებულია დამოუკიდებელი სასამართლოს პრიორიტეტში. ამ ნაწილში პროგრესად შეფასებულია ის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებების ზოგის სრულად, ხოლო ზოგის ნაწილობრივ გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მეორე ტურში გადასული მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენა; პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების საქმის განხილვიდან ჩამოცილება მხოლოდ მოსამართლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში; სადისციპლინო კოლეგიაში და პალატაში საქმის განხილვისა და გასაჩივრების ვადების 10 სამუშაო დღემდე გაზრდა; მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს, ასევე, მოსამართლის სხვა უფლებების შენარჩუნება საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების დროს; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრების შემთხვევაში საბჭოს წევრის ჩამოცილება და ყველა კანდიდატის ხელახალი შეფასება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გასაჩივრება კანდიდატების შერჩევის ყოველ შესაბამის ეტაპზე და იუსტიციის საბჭოს მიერ ხელახალი წარდგინებას მიღება; სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება. ასევე, გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა „ქართულ ოცნებასა“ და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსით შეიცვალა (პირველი მოსმენით).

სტატუსმეტრი აერთიანებს ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს.

დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი