ახალი ამბები

„ქვეყნის ნიჭიერ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო“ — მდინარაძე ნუცა ბუზალაძეზე

26 ივნისი, 2023 • 2775
„ქვეყნის ნიჭიერ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო“ — მდინარაძე ნუცა ბუზალაძეზე

„შენი ქვეყნის ნიჭიერ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო“, — განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  მომღერალ ნუცა ბუზალაძის კრიტიკის შესახებ, რომელმაც რუსეთში იმღერა.

„ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი. ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არათუ საღ აზრს მოკლებულია, არამედ მიზანმიმართული ვითომ ტრენდის ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, — განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით თვალს ვადევნებთ „ორმაგ სტანდარტებს“.

„ერთია დაბადების დღეზე სიმღერა, რომელიმე, თუნდაც ოკუპანტ ქვეყანაში, თავის მეგობართან ჩასვლა და ამის გამო დაბულინგება და მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად აგდებს ხოლმე. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური სახე. ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოკიდებულება რუსეთთან და წლების შემდეგ შენი ქვეყნის უნიჭიერეს მომღერალს აბულინგებ იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერა თურმე“, — თქვა მდინარაძემ.


24 ივნისს, ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, გიტარისტი ხვიჩა მაღლაკელიძე, მომღერალი მიშა სულუხია და სხვები, მოსკოვში მღერიან.

კადრებში ჩანს სოსო პავლიაშვილი, რომელიც პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერია, მეგი გოგიტიძე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზეც მართავდა რუსეთში კონცერტებს, ასევე კრემლის იდეოლოგიის გამტარებელი „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია.

ნუცა ბუზალაძემ რუსეთში სიმღერისთვის ბოდიში მოიხადა. მან თქვა, რომ ახლო მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა სტუმრის რანგში, სადაც სიმღერა სთხოვეს და უარი ვერ თქვა, თუმცა რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ისურვებდა კარიერის გაგრძელებას.

„ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა, ალბათ, ამ სიტუაციაში ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება… არც კი მიფიქრია ამ ყველაფერს თუ ეს შედეგი მოჰყვებოდა…

ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და გული მტკივა რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად გვერდში მიდგანან გული დავწყვიტე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას“, — დაწერა ბუზალაძემ Facebook-ზე.

ნუცა ბუზალაძე, ცოტა ხნის წინ, ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/484776/

მასალების გადაბეჭდვის წესი