ახალი ამბები

კობახიძე: როდესაც სწორად ანალიზის ჭკუა არ გყოფნის, იმაზე მაინც უნდა გეყოს — გაჩუმდე

25 ივნისი, 2023 • 1559
კობახიძე: როდესაც სწორად ანალიზის ჭკუა არ გყოფნის, იმაზე მაინც უნდა გეყოს — გაჩუმდე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასების გამო პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებს:

„გუშინ ზოგადად ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე,“ — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ისმოდა მოწოდებები უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებითაც, რასაც ირაკლი კობახიძე „სისულელეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ გუშინვე გაირკვა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელე იყო და მეტი არაფერი:

„ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ხომ გაირკვა გუშინ, უკვე გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ სისულელე, სისულელე და მეტი არაფერი მაგრამ ამ სისულელეს გუშინ ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციის ყველა ლიდერი პრაქტიკულად, ამ უბრალოდ სისულელეს, რაც დამტკიცდა რომ სისულელე იყო დღეს დილით.“ — ამბობს კობახიძე.


სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — ერთდღიანი შეიარაღებული დაპირისპირებისა და კრემლის მიერ მისი სამხედრო აჯანყებად გამოცხადების შემდეგ, დასრულდა.

პრიგოჟინი დათანხმდა „ამბოხის“ შეჩერებას და თავისი ძალების უკან გაბრუნებას. კრემლის განცხადებით, საქმე მის წინააღმდეგ შეწყდა და პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება, რის გარანტიასაც ვლადიმერ პუტინი იძლევა. აგრეთვე არ დაისჯებიან ის „ვაგნერელები“, ვინც მონაწილეობა მიიღო „ამბოხში“.

„ამბოხამდე“ პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობდა, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფდა, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფდნენ პრიგოჟინის ბრალდებებს, მის წინააღმდეგ აღძრესსისხლის სამართლის საქმე „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“. პუტინმა თავის მიმართვაში სერგეი შოიგუს მხარე დაიჭირა და თქვა, რომ აჯანყებულები „დაისჯებიან და პასუხს აგებენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი