ახალი ამბები

ლატვია რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის — ლატვის საგარეო მინისტრი

24 ივნისი, 2023 • 1191
ლატვია რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის — ლატვის საგარეო მინისტრი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა ტვიტერზე რუსეთში შექმნილ ვთარებაზე განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებს საზღვარს არ გაუხსნის.

„ლატვია ყურადღებით აკვირდება რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და პარტნიორებთან ინფორმაციას ცვლის. საზღვრის კონტროლი გაძლიერებულია, რუსების მოქალაქეებზე ვიზის გაცემა, ან საზღვარზე შემოშვება რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, არ განიხილება“, — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ის ასევე დასძენს, რომ ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ყველა სახის ვიზის გაცემა ჯერ კიდევ 2022 წლის 19 თებერვალს შეწყვიტა და შესაბამისად, ამ შეზღუდვის მოხსნას არ აპირებს.

რაც შეეხება საქართველოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და „ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის საჭიროება არ არის“.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.

უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.

რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.

თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

ფოტოზე: ლატვია-რუსეთის საზღვარი / Ivars Soikāns/LETA

მასალების გადაბეჭდვის წესი