ახალი ამბები

პრიგოჟინი: „ახლა როსტოვში შევდივართ“

24 ივნისი, 2023 •
პრიგოჟინი: „ახლა როსტოვში შევდივართ“

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ახალი განცხადება გააკეთა. თბილისის დროით 03:03-ზე გავრცელებულ განცხადებაში იგი ამბობს, რომ „ვაგნერელები“ ახლა როსტოვში შედიან და პირობას დებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

ვიდეოკადრები ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის ნათქვამს, ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

პრიგოჟინის განცხადებით, ამ მომენტისთვის ვაგნერელებმა „გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ყველა წერტილში“ და როსტოვში შედიან, ხოლო ძალები, , რომლებიც მათ წინააღმდეგ უნდა დამდგარიყვნენ, გვერდზე გადგნენ.

„მესაზღვრეები მოდიოდნენ და ეხუტებოდნენ ჩვენს მებრძოლებს. ახლა შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, უფრო სწორად კი წვევამდელები, რომლებიც მიაგდეს ჩვენს შესაკავებლად, გვერდზე გადგნენ. ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით. არ ვკლავთ ბავშვებს. ბავშვებს კლავს შოიგუ, როცა გაუწვრთნელ ჯარისკაცებს ომში უშვებს. მან ჩვენს წინააღმდეგ 18 წლის ბიჭები დააყენა. ისინი იცოცხლებენ და დედებს დაუბრუნდებიან. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებს ვებრძვით. თუ ვიღაც ჩვენს გზაზე დადგება, ყველას გავანადგურებთ. ხელს ყველას ვუწვდით, არაა საჭირო მასში ჩაფურთხება. მივდივართ შემდეგ, ბოლომდე. რაც შეეხება განცხადებებს დაპატიმრებებზე, ძმობა, სამართალი, ღირსება და სინდისი გვაქვს ჩვენ. თქვენ კი, როცა განცხადებებს აკეთებთ, არ გაქვთ ეს გრძნობები და არ შეგიძლიათ არაფრის გაგება, ღალატის გარდა“, – განაცხადა პრიგოჟინმა.


23 ივნისის საღამოს პრიგოჟინმა ბრალი დასდო თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. შოიგუ და პრიგოჟინი საკმაო ხანია, კონფლიქტის რეჟიმში არიან. პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერელებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება, შეაჩერონ ბოროტება, რომელიც ქვყენის სამხედრო ხელისუფლებას მოაქვს. „ვინც დღეს ჩვენი ბიჭები გაანადგურეს, მრავალი ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე გაანადგურა, დაისჯება“, – ხაზს უსვამს იგი და „ყველას“ მოუწოდებს, არ გაუწიონ წინააღმდეგობა „ვაგნერელებს“.

დეტალურად რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე იხილეთ „ნეტგაზეთის“ განახლებადი სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი