ახალი ამბები

რა ტენდენციები იკვეთება მედიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავებში — TI

23 ივნისი, 2023 • 767
რა ტენდენციები იკვეთება მედიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავებში — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ (TI) აცხადებს, რომ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გახშირდა ცილისწამების სარჩელები, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტია არასასურველი მედიის შესაზღუდად.

ორგანიზაციის განცხადებით, შრომითსამართლებრივ თუ სხვა უფლებებთან დაკავშირებით 200-მდე ჟურნალისტისა და მედიის სხვადასხვა წარმომადგენლის უფლებებს იცავენ სასამართლოში.

აღნიშნული საქმეების განხილვის პროცესში, TI-ს თქმით, მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოიკვეთა, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონითა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ აქამდე დადგენილ მაღალ სტანდარტს.

განხილვის ვადები გაუმართლებლად ხანგრძლივია

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სამართალწარმოების პროცესში განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლოს მხრიდან არათანაბარი მიდგომა საქმეთა განხილვის ვადებთან დაკავშირებით. კერძოდ, TI აღნიშნავს, რომ საქმეთა განხილვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევა მათ მიერ წარმოებულ თითქმის ყველა სხვა საქმეში გამოიკვეთა, თუმცა სასამართლოსთვის პრიორიტეტულია და შემჭიდროებულ ვადებში განიხილება მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების სარჩელები.

მაგალითად,  ანგარიშის ავტორების თქმით, 2022 წლის 18 აპრილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით 24 ჟურნალისტის სარჩელით მიმართა სასამართლოს. ამ დრომდე მოცემულ საქმეზე ერთი სხდომაც კი არ დანიშნულა:

„ეს იმ ფონზე, როცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის ცილისწამების სარჩელი „TV პირველის“ წინააღმდეგ 6 თვეში დასრულდა. სასამართლომ განსაკუთრებით შემჭიდროებულად, 3 თვის ვადაში განიხილა თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელი „TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ. ორივე საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის წინააღმდეგ მიიღო“ ,— ვკითხულობთ დოკუმენტში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ წლებია უკანონოდ გათავისუფლებულ პირთა უფლებებს იცავს სასამართლოში. თუმცა აღნიშნავს, რომ მათ მიერ მედიის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად წარმოებულ დავებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვა არათუ 6 თვემდე ვადაში სრულდება, არამედ რიგ შემთხვევებში, ამ დროის მონაკვეთში საქმეზე ერთი პროცესიც კი არ ინიშნება.

TI-ს თქმით, ამგვარი განსაკუთრებული მიდგომა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ შერჩევითი სამართლის ნიშნებს განასახიერებს.

საქმეთა განხილვა სასამართლო პრაქტიკის იგნორირებით ხდება

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასამართლო მედიებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით მიმდინარე საქმეების განხილვის პროცესში არ ხელმძღვანელობს კანონითა და უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმებით.

TI-ის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიას აკისრებს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ შეტანილი ცილისწამების საქმეების განხილვისას.

„სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი მტკიცების ტვირთის მაღალი სტანდარტის რადიკალურად განსხვავებული განმარტება და მტკიცების ტვირთის მედიის წარმომადგენელზე დაკისრების მაგალითია „TV პირველის“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება. მოსამართლემ გადაწყვეტილებაში კანონით გათვალისწინებული სტანდარტი, რომლის თანახმადაც ყოველგვარი ეჭვი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს, დაუსაბუთებელი განმარტების საფუძველზე შეცვალა და მტკიცების ტვირთი მედიის წარმომადგენელს დააკისრა. შედეგად, სარჩელი დააკმაყოფილა და “TV პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრა“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

შრომითი დავების დროს სასამართლო მტკიცების ტვირთს მედიის წარმომადგენლებს აკისრებს

TI-ს განცხადებით, მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების ტენდენცია გვხვდება შრომითსამართლებრივი შინაარსის დავებშიც.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. კერძოდ, ანგარიშის ავტორების განცხადებით, დამსაქმებელს აქვს მტკიცებითი უპირატესობა სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და დაასაბუთოს გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება.

ამის საპირისპიროდ, TI-ს თქმით, ერთ-ერთი ჟურნალისტის, გიორგი ლომინაძის საქმეში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელე მხარეს დააკისრა, ამ გარემოებაზე დაყრდნობით კი ჟურნალისტის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

„მსგავსი ტენდენცია განმეორდა გიორგი სუხიტაშვილის საქმეშიც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა რეორგანიზაციის ჩატარების კანონიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს დააკისრეს, რაც არსებულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ამ დროისათვის ორივე საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ვიმედოვნებთ, რომ საკასაციო სასამართლო გააუქმებს მიღებულ გადაწყვეტილებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდება შრომითი უფლებების დაცვის არსებული სტანდარტი“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ თქმით, ხელისუფლება სასამართლოს კრიტიკული მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის სახით იყენებს.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  სასამართლოს მიერ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად აუარესებს ქვეყანაში როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე შრომითი უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს.

შესაბამისად, TI-ს თქმით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სასამართლომ ობიექტურად შეაფასოს ქვედა ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეინარჩუნოს მის მიერვე დადგენილი მაღალი სტანდარტი და პრაქტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი