ახალი ამბები

„არაფერში აღარ წერია ეს, რაც ხდება“ – ოპოზიცია რიკოთზე

22 ივნისი, 2023 • 1426
„არაფერში აღარ წერია ეს, რაც ხდება“ – ოპოზიცია რიკოთზე

ოპოზიციის წევრები ეხმიანებიან  მეწყრის გამო რიკოთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვას და ინფრასტრუქტურის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვენ.

როგორც პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, ის, რაც რიკოთზე ხდება არაფერში აღარ წერია.

„იქნებ, კეთილი ინებოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მინისტრმა და გააკეთოს სათანადო განმარტებები რიკოთთან დაკავშირებით. გავიგეთ, წვიმების სეზონის, სამშენებლო მოედანზე გადაადგილების და სხვა არგუმენტები, მაგრამ, მგონი, არაფერში აღარ წერია ეს, რაც ხდება!

ჩვენ პარლამენტიდან მივმართავთ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რომ წარდგეს პარლამენტის წინაშე და მოახდინოს რიკოთის მონაკვეთის შესახებ, მათ შორის, საზედამხედველო და სხვა ტექნიკური შესაბამისობის შესახებ ინფორმაციაზე ანგარიში“, – წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

პარტია „ლელოს“ წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო „უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგია“, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში.

„ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია, საქართველო ფაქტიურად ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ამ ქვეყანას აბრუნებს შუა საუკუნეებში. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის უმსგავსობის და კორუფციის ბუნაგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლისთვისაა საშიში. ვისაც რამე საქმე გქონდათ, იცოდეთ, რომ რიკოთი დაკეტილია გაურკვეველი ვადით – ახლა რა პასუხი ექნება უტიფარ და უსახელო მინისტრს? შემდეგ მეწყრამდე სისულელეების ბოდვაში გაატარებს? რიკოთზე მომუშავე ჩინური კომპანიები არიან საშიშები და მძიმე რეპუტაციის. ეს არ არის პოლიტიკური დავის საგანი, საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ქვეყნის ცენტრალურ გზას. ნუთუ, ამდენს ვერ ხვდებით? სანამ მსხვერპლი არ იქნება არ გამოფხიზლდებით?“, – წერს თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში.


რიკოთის უღელტეხილზე ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზაზე კლდის ნაშალი მიწა ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა:

“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა [კლდის ნაშალი] შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა”, — აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის ადგილზე აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი