სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ მასთან სახლში მეზობელი შეიჭრა, რომელიც თავს დაესხა მას და მის მამას. შემთხვევა 18 ივნისს თბილისში, ვარკეთილში მოხდა.
ქალის ცნობით, თავდამხსმელმა ჯერ მისი და მამამისის მოკვლა სცადა, შემდეგ კი მათ სახლს ცეცხლი წაუკიდა და გაიქცა.
„სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა. 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი, მოუშვა გაზი და გაიქცა“, – წერს მოქალაქე და ასევე აცხადებს, რომ არ იცის დამნაშავის მოტივის შესახებ.
ქალის ცნობით, მამამისი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ მამა-შვილზე თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარეომებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





