ახალი ამბები

გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

20 ივნისი, 2023 • 780
გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს

ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს. პროტესტს უერთდებიან თავად მაღაროელებიც, რომლებიც თბილისში გუშინ, 19 ივნისს, აქციის გასამართად ჩამოვიდნენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობით „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისთან მივლენ, სადაც აქციას გამართავენ, რის შემდეგაც კვლავ პარლამენტის შენობასთან გადაინაცველებენ და პროტესტს რუსთაველის გამზირზე გააგრძელებენ.

ჭიათურელმა მაღაროელებმა გუშინდელი ღამე პარლამენტის წინ და ქაშვეთთან გაშლილ კარვებში გაატარეს. 40 მათგანი გუშინ, 19 ივნისს, ჩამოვიდა ჭიათურიდან თბილისში გასამართ აქციაზე დასასწრებად.

დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-15 და 11 მათგანის შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

“ჯორჯიან მანგანეზი”, ბოლო განცხადების თანახმად, მზადაა, კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამოუკიდებელმა აუდიტმა შეისწავლოს და მაღაროელებისთვის ხელფასების მატება მიებას „სამომავლო ფინანსურ შედეგებს“.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ 19 ივნისს განაცხადა,  18 ივნისს დასაქმებულებთან გამართულ შეხვედრაზე „თითქმის ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, ხელფასის მატების გარდა. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით მატებას სთავაზობს.

მაღაროელებისთვის კომპანიის შეთავაზება მისაღები არ არის და პროტესტს განაგრძობენ მანამ, სანამ “ჯორჯიან მანგანეზი” მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი