ახალი ამბები

18-მეტრიან 160 ავტობუსში მერია 89 მლნ ევროს გადაიხდის – ტენდერი „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო

20 ივნისი, 2023 • 1591
18-მეტრიან 160 ავტობუსში მერია 89 მლნ ევროს გადაიხდის – ტენდერი „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო

თბილისის მერია გეგმავს, ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო.

ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით,  1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება.

ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შემოიყვანოს. თბილისს ამჟამად არ აქვს ავტობაზა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის. შესაბამისად, ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ ამ დრომდე ავტობაზა მზადყოფნაში იქნება, შესაძლებელი იქნება 50 ერთეულზე მეტის მოწოდებაც.

ვიზუალურად, MAN-ის ფირმის Lion’s city 18c მოდელი გამოიყურება ასე.

დარჩენილი რაოდენობა კი კომპანიამ 2024 წლის მეოთხე კვარტლის ბოლომდე უნდა მოასწროს.

თბილისში ამჟამად არ მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსი, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ისიცაა, რომ დედაქალაქს შესაბამისი ავტობაზა არ აქვს. ამ ავტობუსების შემოყვანა უკვე მესამე წელია, რაც შეფერხებულია.

გარეკანი ფოტო: magyarbusz.info

მასალების გადაბეჭდვის წესი