ახალი ამბები

დროა, პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს გვარამია – მედიაკოალიცია

20 ივნისი, 2023 • 641
დროა, პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს  გვარამია – მედიაკოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც „მთავარი არხის“ დირექტორი პატიმრობაში რჩება.

კოალიციის განცხადებით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.

„19 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა, დაუშვებლად ცნო რა ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

არსებულ ვითარებაში მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადადგას ნაბიჯი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად.

„იმ დროს, როდესაც უდანაშაულო ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო ისჯება, პრეზიდენტმა პროცესს გვერდიდან არ უნდა უყუროს. დროა, საქართველოს პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.


„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი