ახალი ამბები

იმედი მაქვს, მომავალში აშშ-ის ახალი ელჩი სხვანაირად იმოქმედებს — კობახიძე

20 ივნისი, 2023 • 998
იმედი მაქვს, მომავალში აშშ-ის ახალი ელჩი სხვანაირად იმოქმედებს — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს, ვიდრე მოქმედი ელჩი კელი დეგნანი.

ამის შესახებ კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ანტიდასავლური მოძრაობის „ხალხის ძალის“ განცხადებაზე კომენტირებისას დღეს, 20 ივნისს, განაცხადა. კერძოდ, „ხალხის ძალის“ განცხადებით, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს“ აფინანსებს და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას ხელს უწყობს.

კობახიძე „ხალხის ძალის“ განცხადებას არ გამიჯვნია და განაცხადა, რომ მომავალში აშშ-ის ელჩის მიერ პოლარიზაციის მხარდაჭერა არ უნდა განმეორდეს.

„მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. მე აღარ მინდა წარსულზე საუბარი. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე თავის თანამდებობას ტოვებს, არამედ წინ უნდა გავიხედოთ.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის წახალისება და დაფინანსება, შეურაცხმყოფელი განცხადებების, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ჩვენ ეს იმედი უნდა გვქონდეს“,-განაცხადა კობახიძემ.


საქართველოში აშშ-ის მოქმედ ელჩ კელი დეგნანს უფლებამოსილების ვადა ეწურება. 13 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა რობინ დანიგანის კანდიდატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი