სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.
ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა, 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.
„ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.