მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლიგარქის, აშშ-ის სანქცირებული ილან შორის პრო-რუსული პარტია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია და მისი დაშლა ბრძანა, იტყობინება „ბი-ბი-სი“. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოლდოვაში ოლიგარქ შორსა და მის პარტიას საკმაო ხანია პრო-რუსულად მიიჩნევენ. მარტში მოლდოვის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ რუსული დაზვერვა შორის მოწყობილ აქციებს მოლდოვის დესტაბილიზაციისთვის იყენებდა.
თავად შორი, რომელიც სასამართლომ 2019 წელს ფულის გათეთრებაში ცნო დამნაშავედ, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებთან და კანონის უზენაესობასთან. მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება უცხოეთის ზეწოლით იყო მიღებული. იგი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგშიც გეგმავს.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ხაზი გაუსვა, რომ შორის პარტია საფრთხეს წარმოადგენს კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.
- შორის პარტიასა და მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე გირჩევთ: როგორ იმუშავა აშშ-ის სანქციებმა მოლდოვაში