ახალი ამბები

კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე და არა — ძალადობაზე

19 ივნისი, 2023 • 875
კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე და არა — ძალადობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება ბოლო დღეებში ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება პასუხისმგებლობას მხოლოდ გამოძიებაზე იღებს.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ ორგანიზებულ ჯგუფებზე, რომლებიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს დევნიან.

„ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს გამოძიებაზე, ბუნებრივია, საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება. რა თქმა უნდა, ძალადობა არის არასწორი, არის მიუღებელი და ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ასეთი საკითხების გამოძიება.

ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარია, დასრულდეს პოლარიზაცია, შემცირდეს რადიკალიზმის ხარისხი. არიან კონკრეტული ძალები, რომლებიც პირდაპირ, ხელოვნურად ცდილობენ პოლიტიკური ვითარების პოლარიზებას, ცდილობენ რადიკალიზმის შემოტანას და, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადადის ხოლმე ძალადობაში. ეს არის ძალიან ცუდი, მე ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


17 ივნისს „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში სპიკერად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, საღებავებს და სავარაუდოდ, ქვებს ესვრიან ბანაკის მიმართულებით. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ლიბერალური აკადემიის ცნობით, დაგვიანებით მივიდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი