ახალი ამბები

საქსტატი: საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა

19 ივნისი, 2023 • 630
საქსტატი: საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იანვარ-მაისთან შედარებით 18.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის თქმით, აქედან ექსპორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი – 5.86 მილიარდ აშშ დოლარს (გაიზარდა 19.1 პროცენტით).

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.

მათ შორის უმსხვილესი საექსპორტო სამეულა: სომხეთი (360.0 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1.19 მილიარდი აშშ დოლარი), რუსეთი (1.06 მილიარდი აშშ დოლარი) და ჩინეთი (623.3 მლნ აშშ დოლარი).

მასალების გადაბეჭდვის წესი