ახალი ამბები

ჯაფარიძეზე თავდასხმის პარალელურად, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ბანაკში

17 ივნისი, 2023 • 1786
ჯაფარიძეზე თავდასხმის პარალელურად, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ბანაკში

ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში, სადაც ზურაბ ჯაფარიძე სპიკერი უნდა ყოფილიყო, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, საღებავებს და სავარაუდოდ, ქვებს ესვრიან ბანაკის მიმართულებით. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ლიბერალური აკადემიის ცნობით, დაგვიანებით მივიდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში სპიკერად მიდიოდა. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრ ანა ყურაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯაფარიძეს უთხრა, „პატრიარქზე როგორ ლაპარაკობო“ და დაარტყა.

მომხდარს ძალადობის წამახალისებელი პოსტით გამოეხმაურა ახლადაფუძნებული კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ვატო შაქარიშვილი.

კადრებში ჩანს, რომ ვატო შაქარაშვილი ერთ-ერთია, ვინც ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკთან მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არცერთ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ.

„ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტისა” და „გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებულ ლიბერალურ აკადემიის რიგით მეხუთე ბანაკი ბორჯომში, 16-18 ივნისს იმართება. ლექციებისა და ვორქშოფების განსახილველი თემებია პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი, პროპაგანდა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ — „გირჩი“

მასალების გადაბეჭდვის წესი