საზოგადოება

ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ — „გირჩი“

17 ივნისი, 2023 • 1961
ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ — „გირჩი“

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.

შემთხვევა გორის „სმარტთან“ მოხდა, სადაც ბორჯომისკენ, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მიმავალი ჯაფარიძე და პარტიის წევრები გაჩერდნენ.

„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, — წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი წევრი ანა ყურაშვილი.

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯაფარიძეს უთხრა, „პატრიარქზე როგორ ლაპარაკობო“ და დაარტყა.

მომხდარს ძალადობის წამახალისებელი პოსტით გამოეხმაურა ახლადაფუძნებული კონსერვატიული გაერთიანება „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ვატო შაქარიშვილი.

შაქარაშვილის განცხადებას ძალადობა და დანაშაული უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

„მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით. თუ რამე არის ქართული, მრავალფეროვნება და ქრისტიანული ტოლერანტობაა“, — დაწერა მელიამ.

ჯაფარიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის პოლიციაში განცხადების დასაწერად მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება.

ამას გარდა, „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრების ცნობით, ბორჯომის სასტუმროში, სადაც ჩვენი ბანაკი მიმდინარეობს, 60-მდე ადამიანი მივარდა, გამოიძახეს პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი