ახალი ამბები

პუტინის თქმით, პირველი ბირთვული იარაღი უკვე განათავსეს ბელარუსში

17 ივნისი, 2023 • 1169
პუტინის თქმით, პირველი ბირთვული იარაღი უკვე განათავსეს ბელარუსში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა უკვე განათავსა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია ბელარუსში.

მისივე თქმით, ტაქტიკური ბირთვული ქობინების გადაცემა ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

პუტინის თქმით, „ეს არის შეკავების ელემენტი“, რათა ვინც რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებაზე ფიქრობს, არ დაივიწყოს ეს გარემოება“.

მოსკოვი ირწმუნება, რომ „ექსტრემალურ ზომებს“ გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრება.

„ბირთვული იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია. რუსეთისთვის ეს შესაძლებელია, თუ საფრთხე შეექმნება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, რუსული სახელმწიფოს არსებობას. ბირთვული იარაღი იქმნება იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება — ამ სიტყვის ფართო გაგებით და რუსული სახელმწიფოს არსებობა“, — განაცხადა პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე.

აშშ-ის მთავრობა ამბობს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ კრემლი გეგმავს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაზე თავდასხმისთვის.

”ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე მინიშნებს, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად”, — თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პუტინის კომენტარების შემდეგ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლის განცხადებები ბირთვული ქობინების გადატანის შესახებ არის რუსეთის დე ფაქტო სამხედრო კონტროლის დადასტურება ბელორუსზე.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის მცირე ბირთვული ქობინი და მიწოდების სისტემები, რომლებიც განკუთვნილია ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად ან შეზღუდული დარტყმისთვის. ისინი შექმნილია იმისთვის, რომ გაანადგურონ მტრის სამიზნეები კონკრეტულ ტერიტორიაზე, ფართო რადიოაქტიური აფეთქების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი