ახალი ამბები

მელია: ვხედავთ ენმ-ის „ქართულ ოცნებად“ გადაქცევის მცდელობას

16 ივნისი, 2023 • 785
მელია: ვხედავთ ენმ-ის „ქართულ ოცნებად“ გადაქცევის მცდელობას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ქართულ ოცნებად“ გადაქცევის მცდელობა ნათლად ჩანს.

პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ მსგავსად, დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმაც ტყუილი დაპირებებით გაიმარჯვეს. მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ძალიან მალე გათავისუფლების დაპირებით მოსულები მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორებად იქცნენ:

„მიშას ძალიან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ, 2024-ში კეზერაშვილი/მერაბიშვილის წაგების ფორმულით…„მოქმედმა“ მენეჯმენტმა არჩევნები მოითხოვა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებელი და გადასარჩენი, წარმოადგინა ეს პერსპექტივა როგორც შესაძლებელი და გასცა შესაბამისი კონკრეტული დაპირებები.

შექმნა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის “შტაბი”, დაუნიშნა ხელმძღვანელი, ოფისებს დაარქვა „სააკაშვილის გადარჩენის შტაბი“.
იყო უწყვეტი აქციების დაპირება და ვნახეთ წყვეტილი, უღიმღამო 50- კაციანი შეხვედრები, რაც პრობლემის აქტუალიზაციის გარდა, ყველაფერს ემსახურებოდა… პირველ რიგში კი, საკითხის მარგინალიზაციასა და აქტუალობისაგან დაცლას. განაცხადეს, რომ გადადიან „მუშაობის საგანგებო რეჟიმზე“, თუმცა ვერაფერს ვხედავთ გარდა „მოქმედი“ მენეჯმენტის უმოქმედობისა გაცემული დაპირებების მიმართულებით და დანაშაულებრივი მოქმედებებისა პარტიის განადგურების გზაზე“, — აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, ახლა ამომრჩეველი იმსახურებს პასუხს, დაპირების შესრულების ანგარიშს:

„ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, აკეთო ის, რისთვისაც აგირჩიეს და არა ის, რაც გინდა ან „მმართველებმა“ დაგავალეს. ბოლო პერიოდში კი ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა კი არა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი მთლიანად გაქრა ინფორმაცია ყველა სივრციდან! სიცრუეზე არც დემოკრატია შენდება, არც მომავალი და ვერც ევროპისკენ წავა ეს გზა!“ — ვკითხულობთ ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი