ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არ შეუშვა მოქალაქეები სახლებში

14 ივნისი, 2023 • 1110
ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არ შეუშვა მოქალაქეები სახლებში

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენის განცხადებით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაბრუნებაზე უარი უთხრა სომხეთში სამკურნალოდ წასულ მოქალაქეებს, ორ ქალსა და ბავშვს. ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, ისინი მკურნალობის მიზნით სომხეთში იყვნენ წასული, თუმცა რუსი სამშვიდობოების ავტომობილით დაბრუნებისას საკუთარ სახლებში აღარ დაუშვეს.

“იმის მიუხედავად, რომ ეს მოქალაქეები სომხეთში იყვნენ რეგისტრირებული, ყველა მათგანი მუდმივად არცახში [მთიან ყარაბღში] ცხოვრობდა და მათი ოჯახებიც ასევე არცახში ცხოვრობენ. ბლოკადის დროს აზერბაიჯანულმა მხარემ ისინი გაუშვა ტერიტორიიდან, თუმცა მთიან ყარაბაღში დაბრუნებაზე უარი უთხრა”, – აცხადებს გეგამ სტეპანიანი, დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი.

რუს სამშვიდობოებთან თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლის, გევორქ მირზოიანის ინფორმაციით, დღეს სომხეთიდან ყარაბაღში დაბრუნების მსურველთა რიცხვი მეტია, ვიდრე პირიქით – “ეს ის ხალხია, ვინც ნახევარი წლის წინ ყარაბაღიდან სომხეთში გავიდა, თუმცა გზის ჩაკეტვის გამო ვეღარ დაბრუნდა”.

დე ფაქტო ყარაბაღში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანი, გამშვები პუნქტის ჩადგმით, ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას თვალი აუხვიოს, თუმცა, რეალურად,  მისი გადაკვეთა მოქალაქეებისთვის უკიდურესად გართულებულია.

ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან ლაჩინის კორიდორით აკავშირებს, ნახევარი წელია დაკეტილია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

ოფიციალურ შეხვედრებზე აზერბაიჯანი უარყოფს გზის ჩაკეტვას და ირწმუნება, რომ ლაჩინი-ხანქენდი [სტეპანაკერტი სომხური სახელწოდება] გზა ღიაა და მასზე საერთაშორისო ნორმების დაცვით მოწყობილი გამშვები პუნქტი რუსი სამშვიდობოების პოსტისგან 20 მეტრის მოშორებით მუშაობს. თუმცა, ადგილობრივთა მონაყოლით, არ არსებობს რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა სტეპანაკეტრიდან ერევანში და ლაჩინის კორიდორის კვეთა მხოლოდ წითელი ჯვრისა და რუსი სამშვიდობოების მანქანებისთვის არის შესაძლებელი.

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი