ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ეშინიათ ხალხის პროტესტის აფხაზეთში

14 ივნისი, 2023 • 1878
რატომ ეშინიათ ხალხის პროტესტის აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


ოპოზიციის მშვიდობიანმა მიტინგმა, რომელიც 30 მაისს სოხუმში გაიმართა, ერთი მხრივ, აჩვენა, რომ აფხაზეთში საზოგადოება მზადაა მშვიდობიანი და კონსტრუქციული პროტესტისთვის, მეორე მხრივ კი – ის, თუ როგორ ეშინია ადგილობრივ ხელისუფლებას მისი პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილო ხალხის და რამდენად ვერ ენდობა საკუთარ ამომრჩეველს.

აქციის მიზანი იყო, მოეთხოვათ დე ფაქტო ხელისუფლების გადადგომა, რომელიც ოპონენტების რწმენით, “ასხვისებს აფხაზეთის საუკეთესო მიწებს” და “ანტისახელმწიფოებრივ და დამღუპველ ნაბიჯებს დგამს”. 

“ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას” – ზურაბიშვილი

ხელისუფლების ამ შიშის დამადასტურებელი ფაქტი, პირველ რიგში, ის იყო, თუ როგორ გაამაგრეს აქციამდე სამთავრობო შენობები, რადგან პრეზიდენტი და მთავრობა მომიტინგეთა მხრიდან აგრესიულ ქმედებებს მოელოდნენ. შესაბამისად, მოეწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრავალშრიანი დაცვა -მეტალის ღობეები, მავთულხლართი, ჩახერგილი ავტობუსები და სამსახურეობრივი ავტომობილები პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპლექსის გარშემო, ასევე, ცოცხალი ძალა –  სამართალდამცველები.

პარალელურად, ხელისუფლება აგრესიულად იბრძოდა საინფორმაციო ველშიც – დასპონსორებული ანგარიშებით სოციალურ ქსელებში.

აქციის მსვლელობისას აფხაზურმა ოპოზიციამაც ახლებურად დაანახა თავი ამომრჩეველს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციის ჩატარება მერიასთან შეათანხმეს.

თუმცა ოპოზიციის ლიდერსაც მოუწია აღმოჩენის გაკეთება, რომ უკმაყოფილო ხალხის შეკრება უფრო ადვილია, ვიდრე მათი გაჩუმება და კონკრეტული შედეგების გარეშე სახლებში გაშვება.

მომიტინგეებს სისხლის თუ არა, ერთი დაზიანებული ღობის დანახვა მაინც სურდათ. თუმცა ესეც ვერ მიიღეს.

ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან გაგზავნილ დელეგატებს შორის იყვნენ ვეტარანები თემურ გულია, ვიანორ აშბა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი საიდ ბუტბა.ვერც ცერთი მათგანი ორატორული ნიჭითა და დიპლომატიური უნარ-ჩვევებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა სწორედ ისინი შეარჩიეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებებზე გასაშვებად. შესაბამისად, არავისთვის ყოფილა მოულოდნელი, რომ ყველა ულტიმატუმი, რომელიც ოპოზიციას ჰქონდა ხელისუფლების მიმართ, არ შესრულდა – არც მთავრობის გადადგომა, არც მორატორიუმი კანონზე აპარტამენტების შესახებ და არც რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის გადაცემის საკითხზე მხარდაჭერა.

მომიტინგეებთან არასასურველი შედეგებით დაბრუნებულ ორგანიზატორებზე ხალხი გაბრაზდა და დაიშალა, რის შემდეგაც, ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა საპროტესტო აქციების სერიის გამართვას დაჰპირდა.

ოპოზიციის მიტინგის მეორე დღეს განცხადებით წარდგა კიდევ ერთი ოპოზიციური ორგანიზაცია “აიდგილარა”, რომელმაც ხელისუფლებაც გააკრიტიკა და აქციის ჩამტარებელი ოპოზიციური ბლოკიც ადგურ არძინბას ლიდერობით.

“ვერ შეძლებს ოპოზიციის ავტორიტარული ლიდერი ავტორიტარული პრეზიდენტის დამარცხებას. ადგურ არძინბას მიერ დაორგანიზებულმა და ჩატარებულმა აქციამ შედეგს ვერ მიაღწია. აქციამ, ერთი მხრივ, აშკარად გამოაჩინა საზოგადოების სერიოზული მოთხოვნა პროტესტის გამოხატვაზე, მეორე მხრივ კი, აჩვენა ადგურ არძინბას მოუმწიფებლობა და უუანრობა, გააერთიანოს ჯანსაღი ძალები და დაიცვას აფხაზი ხალხის ინტერესები”, – ნათქვამია “აიდგილარას” განცხადებაში. 

კრიტიკა დაიმსახურა ხელისუფლებამაც:

“ამ ფონზე კომიკურ-კარიკატურულად ჩანს ხელისუფლების შიში, რომელიც ვლინდება სამხედრო -თავდაცვით ღონისძიებებში და მოწოდებულია, დაიცვას ბჟანია ხალხის სამართლიანი რისხვისგან. საკუთარი რეჟიმის დასაცავად და სარგებლისთვის აქამდე არავის დაუცავს თავი ხალხისგან მავთულხალრთებითა და სამხედრო ტექნიკით”.

“აიდგილარას” ლიდერმა კან კვარჩიამ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხელისუფლებისგან მიიღო პრეფერენციები ადგურ არძინბასთან ერთად ოპოზიციის აქციაში არმონაწილებაზე, თუმცა, შესაძლოა, ეს არც შეესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან მას “აფხაზური სახალხო მოძრაობის” მხარდამჭერები ავრცელებენ, მით უმეტეს, განხეთქილება არძინბასა და კვარჩიას შორის აქამდეც არსებობდა.

საკუთარ განცხადებაში “აიდგილარა” ხელსუფლებასაც პირდაპირ ემუქრება, რომ შემდეგი აქცია შესაძლოა, აღარც იყოს ასეთი მშვიდობიანი.

“საჭიროდ მივიჩნევთ, განვაცხადოთ, რომ ადგურ არძინბას ორგანიზებული 30 მაისის აქციის ჩავარდნა არ ნიშნავს ოპოზიციის ლიკვიდაციას და არ უნდა შეუქმნას არსებულ  ხელისუფლებას გამარჯვების ილუზია. ვაფრთხილებთ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, უარი თქვას ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე, პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნაზე, კონსტიტუციისა და აფხაზეთის მოქალაქეების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დარღვევაზე”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 8 ივნისს, რუსეთის ტელეარხზე ერთ-ერთ გადაცემაში აფხაზეთში მიმდინარე პროტესტის შესახებ საუბრისას თქვა, რომ ყველა ამ უკმაყოფილო ადამიანის უკან საერთაშორისო ორგანიზაციები დგანან. ამასთან, გადაცემის მსვლელობისას, პარალელურად გადიოდა კადრები სოხუმისა და თბილისის აქციებიდან, რამაც სოციალურ ქსელებში აფხაზების აღშფოთება გამოიწვია.

ვეტერანთა ორგანიზაციების წევრები შეშფოთდნენ იმით, რომ ეს აქცია შეადარეს სოხუმში 80-იანი წლების პროქართულ მიტინგებს. თუმცა ამ შედარებთვის შს მინისტრმა ვალტერ ბუტბამ უკვე მოიხადა საჯარო ბოდიში.

გარდა ამისა, 8 და 9 ივნისს სოხუმის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საინიციატივო ჯგუფის ХараХпицунда ორი წევრის სასარგებლოდ. რაშიდ ტანიამ და აინარ ხაშიგმა სასამართლოში შეიტანეს შს სამმართველოს წინააღმდეგ სარჩელი, უკანონოდ ეცნოთ მათი დაკავების პროტოკოლი და ბრალდება 4 მაისს ჩადენილ ხულიგნობაზე, როდესაც ისინი მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად აფხაზი მწერლების ციტატებითა და კონსტიტუციის ამონარიდებით ბანერების გაკვრის გამო დააკავეს.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთში პროტესტის გამოთქმა შიშის გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია და მოქალაქეებს აქტიურად არ დევნიან. საკანონმდებლო ინიციატივა კი, რომელიც ამ მხრივ ზომების გამკაცრებას ითვალისწინებდა, პარლამენტში ვერ გავიდა – იუსტიციის მინისტრმა, რომელიც შეთავსებით პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენელიცაა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილების გაფართოების შესახებ კანონპროექტი შეიტანა. რეგულაციით, უწყების თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონოდათ, პროფილაქტიკური საუბრები გაემართათ იმ მოქალაქეებთან, რომლებიც, შესაძლოა, “არამეგობრული ქვეყნების აგენტებთან კონტაქტში” ყოფლიყვნენ. თუმცა პროექტმა მხარდაჭერა კენჭისყრაზე ვერ მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი