ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას” – ზურაბიშვილი

26 მაისი, 2023 • 1454
“ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას” – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას, ქვეყანაში იმედისმომცემ ფაქტორებზეც ისაუბრა, სადაც აფხაზების მიერ აფხაზეთის მიწების დაცვის საკითხსაც შეეხო.

“იმედის გრძნობა კიდევ იმაში გამოიხატება, რომ დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იცავენ აფხაზები მიწას და ჩვენი ქვეყნის საკუთრებას”, – თქვა ზურაბიშვილმა.

აფხაზეთში საზოგადოება წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი, დე ფაქტო ხელისუფლების ზრახვას, მოსკოვის მოთხოვნით, რუსეთს გადასცეს ბიჭვინთის ტერიტორიები და მიიღოს კანონი ე.წ. აპარტამენტების შესახებ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის საშუალებას მისცემს.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკაზე და მის ინტერესებზე ისაუბრა:

“ჩვენი ისტორიის მქონე ერმა, როგორ უნდა დაიჯეროს, რომ რუსეთის პოლიტიკა შეიძლება ვინმეს კარგ ან ცუდ საქციელზე, ან რომელიმე განცხადებაზე იყოს დამოკოდებული, ყველაფერზე გარდა საკუთარი ინტერესისა? რა იყო უკრაინაზე დამოკიდებული, როცა რუსეთმა ომი დაიწყო? ვინც ფიქრობს,  რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს? ნუთუ გვავიწყდება ჩვენს მოქალაქეებს, აფხაზეთში, ცხინვალში, ვინ ავიწროებს და ვინ იტაცებს?”


ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების დიდი ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი