კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე ღია წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნავს, რომ არაპროფესიონალების მიერ კინოცენტრის რეორგანიზება ნგრევის ტოლფასია.
ჯანელიძის თქმით, ამ ინსტიტუციის მუდმივ პროგრესს სწორედ მისი დამოუკიდებლობა უზრუნველყოფდა და აღნიშნავს, რომ კინოცენტრი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც გვერდიგვერდ შრომობენ გამოცდილი პროფესიონალები და ის ახალგაზრდები, ვინც დრო და დრო ემატება ამ ორგანიზაციის რიგებს.
შესაბამისად, კინორეჟისორი აცხადებს, რომ ბუნებრივად ხდება დაგროვილი დიდი ცოდნისა და პროფესიული, გრძელვადიანი სახელმწიფო ხედვის, გამოცდილების და მეხსიერების გადატანა ახალ თაობაში:
„დაუშვებელია წარმატებული სისტემური ინსტიტუციის რეორგანიზაცია! ეს მხოლოდ მის ნგრევას გამოიწვევს!
შედეგზე ორიენტირებულ და პროფესიულად მომუშავე ინსტიტუციას გაფრთხილება და ხელშეწყობა სჭირდება. ასეთი ინსტიტუციები ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საყრდენია.
დიდი საშიშროებაა, რომ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური ფენომენი – ქართული კინო კინოცენტრის საქმიანობაში არაპროფესიონალების უხეში ჩარევის გამო დაზიანდეს და კინოცენტრი, როგორც ერთადერთი(!!!) ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს ქართული კინოს სახელმწიფო პოლიტიკას და ქვეყანაში ერთადერთი კინოფონდია(!!), დაინგრეს. ისტორია ამას არავის აპატიებს!“ ,— ვკითხულობთ ღია წერილში.
ნანა ჯანელიძე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აღნიშნავს, რომ მისი, როგორც მთავრობის მეთაურის, პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოს და ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი, პროფესიულად გამართული და წარმატებული ინსტიტუციის განვითარებას და დაიცვა ის არაკომპეტენტური ჩარევისა და ნგრევისგან.
ნანა ჯანელიძის ვრცელ წერილს შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ:
საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზიის შედეგად 12 ივლისიდან თანამდებობების დატოვება მოუწევთ ნინო კუხალაშვილსა და მაკო ჭილაშვილს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის, სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.
ამ თემაზე წაიკითხეთ ვრცლად: