ახალი ამბები

დონორი ან სუროგატი უანგარობის პრინციპით უნდა მოქმედებდეს — აზარაშვილი

12 ივნისი, 2023 • 988
დონორი ან სუროგატი უანგარობის პრინციპით უნდა მოქმედებდეს — აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბერში მიიღებენ და 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში კანონმდებლობა, რომლითაც ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის აიკრძალება.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული“, — თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მინისტრის თქმით, სოციალურ ქსელებში, ქუჩაში, მეტროებში არის რეკლამები სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით, რაც ასევე აიკრძალება.

„ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია შეუძლია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან — სამედიცინო გამოკვლევებს ან მშობიარობას“, — თქვა აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თუ ხუთი წლის წინ დონორებისა და სუროგატების რაოდენობა წლის განმავლობაში დაახლოებით 1 000 ადამიანი იყო, ახლა ეს რიცხვი 2 000-ს აღწევს და ძირითადად სუროგაციით უცხოელი წყვილები სარგებლობენ. მისი აზრით, ე.წ. რეპროდუქციული ტურიზმის მიმართულებით საქართველო იმიტომ იყო მიმზიდველი, რომ „არც დონორობა და არც სუროგაცია არ რეგულირდებოდა“.

„რეკომენდაცია, რომ აღნიშნული სფერო დარეგულირდეს, 2004 წლიდან გვაქვს. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში შედარებით კომპრომისული ვარიანტია და ზუსტად ის გვაქვს გადმოტანილი. ზოგიერთ ქვეყანაში კომერციულია. ჩვენს შემთხვევაში კომერციულად არ ითვლება უანგარობის პრინციპის გამო. მხოლოდ იმ ხარჯებს ვფარავთ, რაც შეიძლება ამ პროცესთან იყოს დაკავშირებული, და ასევე, შემოვსაზღვრეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებით“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული — ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი