ახალი ამბები

“ვაგნერი” შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს — პრიგოჟინი

11 ივნისი, 2023 • 1440
“ვაგნერი” შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს — პრიგოჟინი

რუსეთი თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ყველა “მოხალისე რაზმმა” კონტრაქტი უნდა გააფორმოს უწყებასთან, რაზეც „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უარს აცხადებს. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახურმა დღეს, 11 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია.

“მოხალისე ფორმირებებისთვის” კონტრაქტების გაფორმების შესახებ ბრძანებას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მოაწერა ხელი. ბრძანების თანახმად, რუსეთის მხარეს მებრძოლ “მოხალისე ფორმირებებს” აუცილებელი იურიდიული სტატუსი უნდა მიენიჭოთ.

ამ განკარგულების თანახმად, “ვაგნერი” მოხალისედ ითვლება, თუმცა როგორც პრიგოჟინი ამბობს შოიგუს განკარგულებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ეხება და “ვაგნერელები” კონტრაქტებს არ გააფორმებენ:

“ვაგნერი შოიგუსთან კონტრაქტს არ გააფორმებს. “ვაგნერი” ორგანულად ზის საერთო სისტემაში, საკუთარ მოქმედებებს ათანხმებს გენერლებთან მაჯვნივ და მარცხნივ, ქვედანაყოფის მეთაურებთან, აქვს ყველაზე ღრმა გამოცდილება და არის უაღრესად ეფექტური სტრუქტურულად.

სამწუხაროდ, სამხედრო შენაერთების უმეტესობას არ გააჩნია ასეთი ეფექტურობა და სწორედ იმიტომ, რომ შოიგუ ნორმალურად ვერ მართავს სამხედრო ფორმირებებს. ამიტომ, ის, რომ მან გამოსცა ბრძანება ან განკარგულება, ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და მათ, ვინც სამინისტროს ფარგლებშია”, — განაცხადა პრიგოჟინმა.

შოიგუს ბრძანების თანახმად, “მოხალისე ფორმირებებმა” სამინისტროსთან კონტრაქტები პირველ ივლისამდე უნდა გააფორმონ.

ამავე თემაზე იხილეთ:

რატომ დაუპირისპირდა პრიგოჟინი შოიგუს

მასალების გადაბეჭდვის წესი