ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება — პროფკავშირები

11 ივნისი, 2023 •
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება — პროფკავშირები

ჭიათურაში “ჯორჯიან მანქანეზის” მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეხუთე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი დღეს, 11 ივნისს კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უთხრა ნეტგაზეთს, შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.

თეიმურაზ სურამელაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიას დასაქმებულებისთვის ახალი პირობები არ შეუთავაზებია.

“დამსაქმებელმა გააცნო პირობები, რომლის თანახმადაც ისევ 8-საათიან ცვლას სთავაზობდა, რაც მიუღებელია დასაქმებულებისთვის. შეთანხმება ვერ შედგა ამ შეხვედრაზე”, — უთხრა ნეტგაზეთს სურამელაშვილმა.

ნეტგაზეთი დღევანდელი შეხვედრის თაობაზე “ჯორჯიან მანგანეზსაც” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დასაქმებულებთან “კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი გრძელდება”:

“დღეს გაიმართა მორიგი მოლაპარაკება, კომპანიამ გააცნო პირობები, ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის არა, შესაბამისად გრძელდება მოლაპარაკებები”, — განმარტეს კომპანიაში.

მაღაროელების პროტესტის მიზეზი “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიმდინარე წლის თებერვალში სამუშაო გრაფიკის ცვლილებაა. პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ ღირსეულ ანაზღაურებას. სურამელაშვილის განმარტებით, დასაქმებულები ითხოვენ, რომ მათ ხელფასი მოპოვებული ნედლეულის ტონების მიხედვით გადაუხადონ.

გარდა ამისა ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნაა: შრომის უსაფრთხოების დაცვა, აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა და ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.

სურამელაშვილის თქმით, ამ დროისთვის მაღაროების უმეტესი ნაწილი არ მუშაობს:

“ძირითადი მოთხოვნა არის, რომ სამუშაო ცვლების გრაფიკი არ შეიცვალოს. როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაუდგა დამსაქმებელს, პროფესიულ კავშირებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებელმა ვალდებულება იკისრა და [გაჩერებული საწარმოს პირობებში] დასაქმებულებს ხელფასის 60%-ს მაინც უხდიდა.

ახლა, როცა დასაქმებულთა ნაწილი სამუშაოდ გამოიძახეს, დამსაქმებელს უნდა, რომ დასაქმებულებმა არა 12-საათიანი გრაფიკით, არამედ 8-საათიანი გრაფიკით იმუშაონ მაღაროზე“, – ამბობს თეიმურაზ სურამელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი