ახალი ამბები

ტრამპს მეორე საქმეზეც წარუდგინეს ბრალდება

9 ივნისი, 2023 • 989
ტრამპს მეორე საქმეზეც წარუდგინეს ბრალდება

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მეორე სისხლის სამართლის საქმეზე წარუდგინეს ბრალდება.

საქმე ეხება 2022 წლის აგვისტოში მის რეზიდენციაში ნაპოვნ საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, გამოძიების თანახმად, თეთრი სახლიდან წამოიღო.

ბრალდების წაყენების შესახებ ტრამპმა საზოგადოებას თავად შეატყობინა. განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უდანაშაულოა და ხაზს უსვამს, რომ ეს აშშ-სთვის „ბნელი დღეა“.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა მუხლებით წარუდგენენ ტრამპს ბრალს. ოფიციალურად ამას 13 ივნისს გავიგებთ, როცა ტრამპი მაიამის პოლიციას უნდა ჩაბარდეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიება უნდა აარჩიონ.

ნიუ იორკ ტაიმსი წყაროებზრე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს სულ შვიდი მუხლით წარუდგენენ ბრალს, მათ შორისაა ტყუილი ფიცის დროს და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა. გამოძიებას აწარმოებს სპეციალურად დანიშნული პროკურორი ჯეკ სმიტი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და თეთრი სახლი ამ ეტაპზე არ აპირებენ ტრამპის საქმის კომენტირებას.

ეს უკვე მეორე სისხლის სამართლის ბრალდებაა ტრამპის წინააღმდეგ. პირველში მას დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.

ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატია რესპუბლიკური პარტიიდან. თუკი მან პარტიის შიდა არჩევნებში გაიმარჯვა, საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც მოახერხებს მონაწილეობას, ორივე საქმეზე ბრალდებულად ცნობის შემთხვევაშიც კი.

მასალების გადაბეჭდვის წესი