ახალი ამბები

პრორუსი დოდონი მოლდოვას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას მიბაძოს

8 ივნისი, 2023 • 2791
პრორუსი დოდონი მოლდოვას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას მიბაძოს

მოლდოვის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ კიშინიოვმა საქართველოს უნდა მიბაძოს და რუსეთთან ურთიერთობები არ გაწყვიტოს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დოდონმა ტელეარხ „ექსკლუზივის“ ეთერში განაცხადა.

„ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთში თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როცა დასავლეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციას, სცადოს ჩვენი საქონლის მიწოდება იქ, როგორც ამას აკეთებს საქართველო. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ზრდას“, — თქვა დოდონმა.

დოდონის თქმით, სიცრუეა, რომ დსთ-ის წევრობა ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება. ექსპრეზიდენტის თქმით, შესაძლოა, დსთ-დან გასვლა მოლდოვის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობისთვის  საბედისწერო დარტყმაც გახდეს.

„მოქალაქეების მოტყუება არ არის საჭირო. მოლდოვა არ გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკავშირს საკმარისად აქვს საკუთარი და იმ ქვეყნების პრობლემები, რომლებიც რიგში დგანან გაწევრიანებისთვის“, — განაცხადა დოდონმა.

იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი. ის პრორუსული „სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა.

მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.

მოლდოვის ექსპრეზიდენტი სამშობოლოს ღალატშია ეჭვმიტანილი

მასალების გადაბეჭდვის წესი