ახალი ამბები

ფრენების აღდგენისთვის საჭიროა მიმღები ქვეყნის ნებართვა — ევროკომისიის წარმომადგენელი

8 ივნისი, 2023 • 754
ფრენების აღდგენისთვის საჭიროა მიმღები ქვეყნის ნებართვა — ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკავშირის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, ლიუკ დევინი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა მხოლოდ რუსეთის გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, რადგან იმისთვის, რომ თვითმფრინავი დაჯდეს რომელიმე ქვეყანაში, მეორე ქვეყნის ნებართვაა საჭირო.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ეკა სეფაშვილის გამოსვლის საპასუხოდ ისაუბრა.

კერძოდ, სეფაშვილმა PAC-ის სხდომაზე თქვა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილებაა და “შეახსენა” ევროპარლამენტარებს, რომ 2019 წელს ევროკავშირის წარმომადგენლები თავად ითხოვდნენ, რომ რუსეთს ფრენები არ აეკრძალა.

“გამოდის, რომ 2019 წელს, როდესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული იყო, მთელი დასავლური საზოგადოება ფრენების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. ახლა რა შეიცვალა დამოკიდებულებაში? რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაში ომი, მაგრამ ჩვენ უკვე გვქონდა ეს ომი 2008-ში და ეს ომი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ახლა უკრაინასთან ომია”, — აღნიშნა სეფაშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ ლიუკ დევინმა მიმართა სეფაშვილს და განმარტა, რომ ერთი ქვეყანა ცალმხრივად ვერ მიიღებს ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას:

“ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან თვითმფრინავი საჭიროებს მიმღები ქვეყნის ნებართვას, რომ დაჯდეს. ასე არ ხდება, ვერ გადაწყვეტ ცალმხრივად, რომ გაფრინდები კონკრეტულ ქვეყანაში, ამიტომ ეს გადაწყვეტილება თავისი არსით (ნებისმიერ შემთხვევაში) არის ორმხრივი. ამასთან, იყო მოწოდებები, რომ არ შეჩერებულიყო ფრენები, მაგრამ ეს [ხდებოდა] უკრაინაში ომამდე და რუსეთის აგრესიამდე”, — უპასუხა დევინმა სეფაშვილს.

რუსეთმა 10 მაისს მოხსნა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა, ამასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი