ახალი ამბები

დევინი აკრიტიკებს მთავრობას რუსეთთან ფრენების აღდგენისთვის

8 ივნისი, 2023 •
დევინი აკრიტიკებს მთავრობას რუსეთთან ფრენების აღდგენისთვის

ევროკავშირის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, ლიუკ დევინი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ზოგ ნაბიჯსა და  განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ისინი აზიანებს საქართველოს რეპუტაციას.

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მან ისაუბრა პრემიერ ღარიბაშვილის ბრატისლავაში 30 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოებაა.

„ანტიდასავლური ნარატივი ან ანტი-ლგბტ კომენტარები, ან ისეთი დისკურსის წარმოდგენა, თითქოს საქართველოს ღიღებულებები ეწინააღმდეგება ლიბერალურ ან ევროკავშირის ღირებულებებს, მხოლოდ დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას.

წინა კვირას მოვისმინეთ პრემიერის განცხადებები ბრატისლავაში. მოდერატორის კითხვას, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, მან უპასუხა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება.

რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ 2008 წლის ომი მიზეზია ის, რომ იქამდე ოთხი თვით ადრე საქართველომ ნატოს წევრობა ითხოვა? როგორ მოქმედებს ასეთი კომენტარები საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე, რომელიც გაცხადებული პოლიტიკაა?“, – აღნიშნა მან.

დევინმა აგრეთვე გააკრიტიკა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა და მწუხარება გამოთქვა, რომ საქართველოში სანქცირებული პირი იყო. თუმცა არ დაუზუსტებია, ვის შესახებ აქვს საუბარი.

„არასდროს გვითხოვია, არც დღეს და არც წარსულში, რომ საქართველომ შეაჩეროს ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს, არ გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, რომელიც შეეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას – მაგალითად, რუსეთთან ფრენების აღდგენა, როცა ევროკავშირმა ფრენები შეზღუდა უკრაინაში შეჭრის გამო.

ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვწუხვართ, რომ სანქცირებულ პირებს მიეცათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გახდეს სანქციებისთვის გვერდის ავლის ტერიტორია“, – განაცხადა დევინმა და დაამატა, რომ უკიდურესად დაბალია საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის პოლიტიკასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი