ახალი ამბები

წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საზ. მაუწყებელზე

6 ივნისი, 2023 •
წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები საზ. მაუწყებელზე

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თხოვნის მიუხედავად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით მაინც მიიღო.

საუბარია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლითაც ახლებურად განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან, მის დაფინანსებასთან, მისი ხელმძღვანელი ორგანოების დაკომპლექტებასა და ამ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 მათგანი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს.

კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს, 6 ივნისს, გაიმართა, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადებას ითხოვდნენ. მათი მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი  არათუ საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევებს ვერ პასუხობს, არამედ ვერც იმას ასაბუთებს, რატომაა საჭირო აღნიშნული ცვლილებების მიღება.

ამასთან, ისინი ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე წარადგინა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარის, მამუკა ანდღულაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიზანს არ ემსახურება.

„განმარტებით ბარათშიც კი არ არის პასუხი, რა მიზანს ემსახურება, ამბობს, რომ რაღაც უნდა მოწესრიგდეს. საჯარო დისკუსიის საფუძველზე არაერთგზის დაისვა კითხვა, რა მიზანს ემსახურება, რა დასაბუთებაა და რა აუცილებლობა წარმოიშვა, ამაზე პასუხი არ არის.

ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საზოგადო სიკეთე და ეს არის ევროპული მოდელი. ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეხება, ინიციატორებმა პროაქტიულად დაინტერესებულ პირებთან უნდა გაიარონ. სამწუხარო, არანაირი დასაბუთება არ აქვს, თუ პასუხობს პრობლემებს და საჭიროებებს… ეს არის სერიოზული პრობლემატური კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიზანს არ ემსახურება და საზოგადოების თვალში უფრო მეტ დისკრედიტაციას გამოიწვევს“, – განაცხადა მამუკა ანღულაძემ.

კომიტეტზე საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა.

„როგორც  აღმოჩნდა, მსგავსი პრაქტიკა არ არის არცერთ ქვეყანაში, რომელიც ითვალისწინებს, რომ მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენელი იყოს რომელიმე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო ან სამეთვალყურეო საბჭოში. ასევე, როგორც აღმოჩნდა, არც მარეგულირებელ ორგანოს და არც საზოგადოებრივი  მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არ აქვს პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გადავდოთ ამ საკითხის განხილვა, რომ თუნდაც ცვლილებების საჭიროება დავინახოთ“, – განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ კი კანონროექტის განხილვის საშემოდგომო სესიამდე გადადება ითხოვა.

„ძალიან გთხოვთ, გავაჩეროთ განხილვა. შესწავლილი არ გვაქვს, რა არ ვარგა და რას ვაუმჯობესებთ? ეს შეკითხვები იარსებებს. ამ საკითხს ცეცხლი არ უკიდია და სექტემბერში განვიხილოთ. რატომ გვეჩქარება ამის ასე მიღება, ამის არგუმენტსაც ვერ ვიღებ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ოპოზიციისა და არასამთავრობოების მოთხოვნის პასუხად, კანონპროექტზე მომხსენებელმა, „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვლმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვის შეჩერების მიზანშეწონილობას ვერ ხედავს. იონათამიშვილმა მათ კონსულტაციები შესთავაზა ცვლილებების პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გატანამდე. კომიტეტმა კი კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

„არსად არ ვჩქარობთ, საქართველოს პარლამენტში განხილვებს აქვს თავის რეგლამენტი, რომელიც დროშია გაწერილი და ვფიქრობ, რომ თვე-ნახევარი და 2 თვე არის ის ოპტიმალური დრო, რომ ნებისმიერ საკითხზე შეიძლება შეთანხმება, თუ ამის ინტერესი არსებობს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღნიშნულ კანონოპროექტთან დაკავშირებით მანამდე განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმაც“. „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციურ გადაწყობას, საქმიანობის ნაწილის მორგებას კონკრეტული პირების ინტერესებზე და საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურულ სტრუქტურად გადაქცევას.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება ევროინტაგრაციის პროცესის მიზნებს და არ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე დღეისათვის არსებულ გამოწვევებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი