ახალი ამბები

„45 ლიდერიდან შეიძლება, 5-მა, 6-მა, მაქსიმუმ 10-მა ნახა ზელენსკი“ — ღარიბაშვილი

6 ივნისი, 2023 • 6865
„45 ლიდერიდან შეიძლება, 5-მა, 6-მა, მაქსიმუმ 10-მა ნახა ზელენსკი“ — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ შედგა მასსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კომუნიკაცია მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა კიშინიოვში 1 ივნისს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები და 45 ქვეყნის ლიდერები, მათ შორის- ვოლოდიმირ ზელენსკი და ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის მოლდოვაში ორმხრივი შეხვედრა არ გამართულა. როგორც გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, ღარიბაშვილსა და ზელენსკის შორის კომუნიკაცია ფორუმის მსვლელობისას არცერთ ეტაპზე არ შემდგარა.

„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება, 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი. რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, — უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, საშუალება რომ ჰქონოდა, უსურვებდა თუ არა წარმატებას, ღარიბაშვილმა უპასუხა: „მივესალმებოდი. მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მაქსიმუმ 10-მა ლიდერმა ნახა, სიმართლეს არ შეესაბამება. 10-ზე მეტ ლიდერს ზელენსკი მოლდოვის სამიტის ფარგლებში მხოლოდ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვდა.

კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პორტუგალიის პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან; ერთობლივი შეხვედრა გაიმართა ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან. მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის ფარგლებში არაფორმალური შეხვედრა შედგა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან, დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონსა და ბელგიის პრემიერ ალექსანდრე დე კროოსთან.

უშუალოდ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის ფარგლებში კი, ლიდერების უმრავლესობას ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტთან, რასაც ოფიციალური ფოტო და ვიდეომასალა და პირდაპირი ეთერით გადაცემული კადრები ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი