სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბორის კოლარი საქართველოს მოუწოდებს ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისკენ.
ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ქვეყანამ ისეთი ნაბიჯები არ გადადგას, რაც ევროკავშირთან შესაბამისობაში არაა.
“სლოვაკეთი მხარს უჭერს სტაბილურ, დემოკრატიულ საქართველოს და ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი მმართველობის გამყარებას, დემოკრატიულ საზოგადოებას და აგრეთვე სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს…
ევროკავშირში გაწევრიანება მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს ნათელი. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება. უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ამ გზაზე”, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.[პარლამენტის სინქრონული თარგმანი]
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე ერთიანობა და პოლარიზაციის დაძლევა.
“აუცილებელია, რომ საქართველოშიც ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ყველა ერთიანი იყვნენ ევროკავშირისკენ მისწრაფებებში. მნიშვნელოვანია ასეთი სიგნალის გაშვება. პოლიტიკაში, ბუნებრივია, არის განსხვავებები, მაგრამ პოლარიზაციით საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათი მომავლის განვითარებას. მნიშვნელოვანია ერთიანობის ხიდების აშენება. ქვეყანას, რომელიც შიგნით ერთიანია, შეუძლია გარე გავლენების აცილება. ვიზიტის გზავნილი არის, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისკენ”, – განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა სლავკოვის სამეულის – სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.