ახალი ამბები

ზელენსკის განცხადებები ხშირად თანხვედრაშია დესტრუქციულ ოპოზიციასთან — ღარიბაშვილი

1 ივნისი, 2023 • 913
ზელენსკის განცხადებები ხშირად თანხვედრაშია დესტრუქციულ ოპოზიციასთან — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ კომენტარს არ გააკეთებს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, თუმცა იქვე დასძენს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებები ხშირად თანხვედრაშია საქართველოს დესტრუქციულ ოპოზიციასთან.

ღარიბაშვილს ჰკითხეს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, სადაც საქართველო და ბელარუსი ერთ კონტექსტში იყო ნახსენები.

„ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე. ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები; ბავშვები, ქალები, მოხუცები ზარალდებიან ამ ბრუტალური ომით“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ომში მყოფ ქვეყანას უსურვებს მშვიდობას, ომის მალე დასრულებასა და ქვეყნის გამთლიანებას.

„რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და მე არ მინდა, რომ გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს. ასევე დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსეთის მეზობლებისთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, როცა არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები.

„ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არ სურს, რუსეთმა მიიტაცოს მისი ნაწილები, უნდა იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ არიან ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში. მაგრამ რა მაგალითი აქვთ მათ? უკრაინელებსაც კი, ვინც სისხლით ამტკიცებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ფასეულობებისადმი, ჯერ არ მიუღიათ ნათელი პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს მხოლოდ ილუზორულს ხდის სხვების იმედს.

მასალების გადაბეჭდვის წესი