ახალი ამბები

“თავისუფლება ნიკას, მიშას, ლაზარეს” — აქცია ევროპარლამენტში

31 მაისი, 2023 • 1627
“თავისუფლება ნიკას, მიშას, ლაზარეს” — აქცია ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა, აქტივისტებმა აქცია გამართეს ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილისა და ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით. მათ ზოგიერთი ევროპარლამენტარიც შეუერთდა.

ევროპარლამენტში შეკრებილებს ხელში ეკავათ პლაკატები, წარწერებით — “თავისუფლება მიშას” და “თავისუფლება ნიკა გვარამიას”. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა “ლაზარე გარეთ! რუსული მთავრობა ციხეში”.

სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად, აქციას შეუერთდნენ ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგორევა და პეტრას აუსტრევიჩიუსიც.

აქცია ევროპარლამენტში. ფოტო: კრისტინა პიტალსკაია 

აქცია ევროპარლამენტში. ფოტო: კრისტინა პიტალსკაია 

აქცია ევროპარლამენტში. ფოტო: კრისტინა პიტალსკაია 

შეკრება არასამთავრობო ორგანიზაციის Promote Georgia-ს მიერ იყო ორგანიზებული.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით დღეს, 31 მაისს გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას იგი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, „გარკვეულ სამთავრობო წრეებს“ მიმართა და აღნიშნა, რომ „მუქარის მცდელობები საჭირო არაა“, რადგან ისე იმოქმედებს, „როგორც საჭიროდ მიიჩნევს“.

„იმ ინტერვენციების ფონზე, რაც მივიღე, მსურს ცხადად განვმარტო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, მიმაჩნია, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება ისევე უნდა იქნას პატივცემული, როგორც დიდი ქვეყნის შემთხვევაში. შეწყალება უფლებაა, რომელიც პრეზიდენტმა შიდა თუ გარე ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს. მინდა ასევე მივმართო მთავრობის გარკვეულ წევრებს და ვუთხრა, რომ მუქარის მცდელობები საჭირო არაა, მე იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, ასევე, შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

„მუქარის მცდელობები საჭირო არაა, იმას ვიზამ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ“ — პრეზიდენტი შეწყალებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი