ახალი ამბები

„ჩვენ გვჭირდება მეტი მუშაობა“ — ევროპარლამენტის პრეზიდენტი ზურაბიშვილს

31 მაისი, 2023 • 763
„ჩვენ გვჭირდება მეტი მუშაობა“ — ევროპარლამენტის პრეზიდენტი ზურაბიშვილს

„ჩვენ მომავალშიც გვაქვს თქვენი იმედი, რომ დაეხმარებით პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შემცირებას საქართველოში“, — მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს პრეზიდენტს.

მან მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს „პერსონალური ერთგულებისთვის“ ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში.

„ჩვენ გვინდა არსებობდეს შესაფერისი პირობები იმისთვის, რომ შესაძლებელი გავხადოთ საქართველოს მოქალაქეების ევროპული მომავალი. მე მინდა დავადასტურო, რომ თქვენს მხარე ვართ. მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ თქვენს გზაზე, გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ გვჭირდება მეტი მუშაობა და უფრო მჭიდროდ ერთმანეთთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების მიმართულებით; იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქართველმა ხალხმა ხელიდან არ გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა.

ამისთვის ჩვენ გვჭირდება ხელშესახები ნაბიჯები რამდენიმე ქვაკუთხედის მიმართულებით — დემოკრატიის უზრუნველყოფა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, ჟურნალისტების დაცვა და დაკავებულთა ფუნდამენტური უფლებების და ღირსების დაცვა“, — განაცხადა მეცოლამ.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპარლამენტმა გამოხატა თავისი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, აღმოუჩინოს ყველა საჭირო მხარდაჭერა გრძელ და ტრანსფორმაციულ მოგზაურობაში. საქართველოზეა გამოკიდებული, იაროს ამ გზაზე და განსაზღვროს საკუთარი მომავალი. ქალბატონო პრეზიდენტო, მე გისურვებთ სიმტკიცეს, რომლითაც გაუძღვებით თქვენს ქვეყანას“, — მიმართა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 31 მაისს, სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი