ახალი ამბები

ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტამდე „ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

29 მაისი, 2023 • 1018
ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტამდე „ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტამდე განცხადებას აქვეყნებს და იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი “ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა”.

მმართველი პარტიის განცხადებით, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება ქართული საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას „ქართული ოცნების“ საფუძველზე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, მას, როგორც მმართველ პარტიას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაზე.

როგორც „ოცნება“ აცხადებს, 2018 წელს ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, რადგან ზეპარტიული პრეზიდენტი სურდათ, თუმცა პრეზიდენტმა მათი მოლოდინი არ გაამართლა.

მმართველი პარტიის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას“.

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ მხარი დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწორედ იმ მოლოდინით, რომ ის სათანადოდ შეასრულებდა ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საპარლამენტო მმართველობის სისტემაში. მივიჩნიეთ, რომ უპარტიო ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელოვანი მოღვაწეების შთამომავალი და ამით განასახიერებდა კავშირს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და თანამედროვე საქართველოს შორის, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი ამ მისიისათვის. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა სხვა გზა აირჩია და უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მან მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ.

2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევისას, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ განუმარტა საკუთარი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მხარდაჭერის მიუხედავად, მას არ უნდა ჰქონოდა არავითარი ვალდებულება მმართველი პარტიის წინაშე. „ქართული ოცნება“ ამ მიდგომას სალომე ზურაბიშვილის მიერ ფიცის დადების დღიდან სრულად იცავდა და დღემდე იცავს. აქედან ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისას, ჩვენი ერთადერთი მიზანი საპარლამენტო მმართველობის სისტემაში საქართველოს პრეზიდენტის ზეპარტიული ინსტიტუტის სათანადოდ დამკვიდრება იყო“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.ა

„ქართული ოცნების“ განცხადებით, პარტიის პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტმ კრიტიკისაგან თავი „პრინციპულად“ უნდა შეიკავოს.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მხრივ ხელი არ შევუწყოთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას. ამავე მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, არავის მივცეთ პოლიტიკური კონფრონტაციის გაღრმავების საშუალება. ჩვენ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც კი, როდესაც ამ ინსტიტუტის პრესტიჟს თავად მოქმედი პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კარგავს ლეგიტიმაციას საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, რომელმაც მას 2018 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი და ვერც საზოგადოების იმ ნაწილში იძენს ლეგიტიმაციას, რომელიც მას 2018 წელს მოღალატედ და რეზიდენტად აცხადებდა, ჩვენი ვალია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების დარჩენილი წლინახევრის მანძილზე შევუნარჩუნოთ თუნდაც მინიმალური ლეგიტიმაცია საპრეზიდენტო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ამითაც არის ნაკარნახევი ჩვენი გადაწყვეტილება, არ შევიდეთ პოლემიკაში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

დასასრულს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ქართული საზოგადოების უმრავლესობასთან კიდევ უფრო მძაფრ კონფრონტაციაში არ შევა. „ქართული ოცნება“ მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს, ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალური დახმარება გაუწიოს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.


31 მაისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტია დაგეგმილი, სადაც ევროპარლამენტს სიტყვით უნდა მიმართოს.

„ქართული ოცნების“ კრიტიკის ობიექტი გახდა პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა, რომელიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჰქონდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.

პრეზიდენტმა ხელისუფლების ქმედებების გამო ბოდიში მოუხადა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, ასევე, გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე წლის წინ მოკლეს.

პრეზიდენტმა გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ანტიდასავლური პოლიტიკისა და რიტორიკის ფონზე შვილებს ევროპა-ამერიკაში გზავნიან. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი