ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთის საქმეებში ჩარევა დაუშვებელია” – ზურაბიშვილს სოხუმში პასუხობენ

1 ივნისი, 2023 •
“აფხაზეთის საქმეებში ჩარევა დაუშვებელია” – ზურაბიშვილს სოხუმში პასუხობენ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აცხადებს, რომ “საქართველოს მხრიდან სუვერენული აფხაზეთის რესპუბლიკის შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგში ჩარევა დაუშვებელია”.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 მაისს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასასრულს, სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზურ საზოგადოებას, რომელიც “აფხაზეთის გასხვისების” [ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხი; ე.წ. აპარტამენტების კანონი, რომელიც რუსებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის შესაძლებლობას იძლევა და .ა.შ ] წინააღმდეგ იბრძვის და რომელმაც 30 მაისს სოხუმში აქცია გამართა.

“თუ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოქალაქეების ბედით ამდენად არის აღელვებული, ვურჩევთ, საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რათა აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს”, – განაცხადეს დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს თავად აფხაზურმა ოპოზიციურმა ძალებმაც უპასუხეს.

“მანიპულაციები ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი საქმიანობაა, რომლის მიზანიცაა,  აფხაზეთისა და რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დააზიანოს. აფხაზეთში, არც საზოგადოებაში და არც პოლიტიკურ წრეებში, არ არის და არც იქნება ანტირუსული განწყობები. თუ ქალბატონი ზურაბიშვილი ამდენად დარდობს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, მისი სტატუსი აფხაზეთის აღიარების, აფხაზური პასპორტების  აღიარების და ა.შ. ინიცირების უფლებას აძლევს. ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმების უფლებას”, – აცხადებენ აფხაზი ოპოზიციონერები საპასუხო განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი