ახალი ამბები

“ტერიტორიებთან ერთად რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა” — გახარია

29 მაისი, 2023 • 822
“ტერიტორიებთან ერთად რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა” — გახარია

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და “ქართული ოცნებას” ანტიდემოკრატიულ ძალას უწოდებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 29 მაისს, ფეისბუკის საკუთრ გვერდზე გამოაქვეყნა.

გახარია აღნიშნავს, რომ გამართლდა ის, რის გამოც 2021 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მოგვიანებით პარტია დააფუძნა. როგორც გახარია აცხადებს, მაშინ არჩევანი “საქართველოსთვის გააკეთა”, ივანიშვილმა და “ოცნების მაშინდელმა ბოსებმა” კი, ძალაუფლებისა და პირადი კეთილდღეობისთვის.

გახარიას განცხადებით, “ქართული ოცნება” ახლა ღიად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ძალაა:

“დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა. დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა – ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი ცდილობს მანიპულირებას.

2 წლის წინ ჩვენ ვთქვით, რომ “ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ”. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს”, — აცხადებს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი