ახალი ამბები

„ოცნება“ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

29 მაისი, 2023 • 692
„ოცნება“ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ქართული ოცნება“ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ულოცავს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებასა და მის პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

„თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.


თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ, გუშინ, 28 მაისს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურად გამოაცხადა.

თურქეთის “ცესკოს” თავმჯდომარის, აჰმეთ იენერის თანახმად, ერდოღანმა ხმათა 52.14%, ანუ 27,513,587 ხმა მიიღო, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი — 47.86% აქვს, ანუ 25,260,109 ხმა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ დაინიშნა, რაც 14 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტის მოპოვება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 წელია, თურქეთს მართავს. ის თურქეთის მმართველ პარტიას, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” თავმჯდომარეობს. მისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” თავმჯდომარეა.

2023 არჩევნების პირველი ტური ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობისას გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი, ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

უკანასკნელ წლებში პრეზიდენტმა ერდოღანმა არა მხოლოდ გაიფართოვა ძალაუფლება, არამედ, გააძლიერა განსხვავებული აზრის დევნა, რომელიც შეეხო როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისე მედიას, აკადემიურ სივრცესა და სასამართლოს.

სხვადასხვა ბრალდებით, რომელთა შორისაა ტერორიზმთან კავშირი, ხელისუფლების დამხობის მცდელობა თუ პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ერდოღანის მრავალი კრიტიკოსი დაუკავებიათ და გაუსამართლებიათ.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი