ახალი ამბები

“ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას” — ღარიბაშვილი

28 მაისი, 2023 • 889
“ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას” — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, არჩევნების შედეგს ულოცავს. ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს:

“ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს, დამაჯერებელ [გამარჯვებას] და თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას. თურქმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის”.

როცა ღარიბაშვილმა თავისი მილოცვა გამოაქვეყნა, არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერ არ იყო ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ერდოღანი ლიდერობდა. მოგვიანებით, თურქეთის “ცესკომ” ის ოფიციალურად გამოაცხადა გამარჯვებულად.

“ცესკოს” თავმჯდომარის, აჰმეთ იენერის თანახმად, ერდოღანმა ხმათა 52.14%, ანუ 27,513,587 ხმა მიიღო, მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი — 47.86% აქვს, ანუ 25,260,109 ხმა.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც 14 მაისის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა შეძლო გამარჯვებისათვის საჭირო 50%-ზე მეტის მოპოვება.

არჩევნების პირველი ტური ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი იყო უკანასკნელ ათწლეულებში. მიზეზებს შორის დომინირებდა ერდოღანის მმართველობისას გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი ისევე, როგორც ოპოზიციის ერთიანობა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

მეორე ტურს ოპონენტებს შორის ხისტი ურთიერთბრალდებები, ყალბი ამბების გავრცელება და ნაციონალისტური დისკურსის გაფართოება სდევდა თან.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 წელია, თურქეთს მართავს. ის თურქეთის მმართველ პარტიას, “სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” თავმჯდომარეობს. მისი მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” თავმჯდომარეა.

თურქეთის “ცესკომ” გამარჯვებულად ერდოღანი გამოაცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი