ხვალ, 26 მაისს, თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები იგეგმება.
საპროტესტო მსვლელობები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გაირკვა, რომ წელს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშა არ იქნება გამოფენილი, განსხვავებით წინა წლისგან.
პირველი მსვლელობა 26 მაისს დილით, 10:30 საათზე „ტალღისა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით გაიმართება. მოქალაქეები ევროკავშირის დროშებით რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ.
„საქართველო ირჩევს ევროპას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
26 მაისს მსვლელობი მოწყობას აპირებს პარტია „ლელოც“. პარტია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბონ და მსვლელობა მოაწყონ.
„ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი! საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!“ – აცხადებს „ლელო“.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა და ეს მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.
საქართველოს მთავრობა განმარტავს, რატომ შარშანდლისგან განსხვავებით, აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.