ოპოზიცია კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას აკრიტიკებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ღარიბაშვილმა კატარში ვლადიმერ პუტინის პოზიციები დაიცვა.
„მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს აბსოლუტურად ყველა კომპონენტში – ეკონომიკურ კომპონენტში, უკრაინაში ომთან მიმართებით, სანქციებთან მიმართებით, პირდაპირ ფრენებთან მიმართებით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით… უბრალოდ შოკია! ეს არის პირდაპირი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვინდა რუსეთი. საზოგადოებას ვეკითხები, ვეთანხმებით ღარიბაშვილს?! უკრაინამ თუ უნდა დათმოს ტერიტორიები ჩვენც უნდა დავთმოთ?!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განაცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებები გააკეთა და რუსული პროპაგანდისტების ენით მეტყველებდა.
„უახლოეს თვეებში უკრაინას აუცილებლად ექნება წარმატება ბარბაროსულ ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მშვიდობა, ცივილიზებული სამყარო და ამ დროს ჩვენ ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, „რუსული პარტიის“ პრემიერმინისტრი ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ამერიკას და ცხადია ეს ტყუილია და ეს არის რუსული პროპაგანდა.
რეალობაში უკრაინა ჩვენგან ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრობას საერთო მტრის წინააღმდეგ და ითხოვს იმას, რომ მკვლელ პუტინს არ მივცეთ ეკონომიკური დოვლათი იმისთვის, რომ უკრაინაში გააგრძელოს ხალხის ხოცვა, მათი შევიწროება, ბარბაროსული ომი და პარალელურად განაგრძოს საქართველოს ოკუპაცია.
ამას სთხოვს უკრაინა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, მაგრამ თქვენ ხედავთ რუსულ სტილში, რუსული პროპაგანდის შესაბამისად, რომ თითქოს ვინმეს სადმე ომი უნდა. რეალურად, თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში, არის „რუსული ოცნება“, როცა ასიათასობით რუსი შემოდის საქართველოში და არ დაგვავიწყდეს ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, რომ ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ ახლა მე საქართველოში. ამიტომ, ახლა თუ ვინმე პროვოცირებს ამ ყველაფერს, ეს არის „რუსული პარტია,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიუკრაინული განცხადებების გაკეთება უკვე ქვეყნის გარეთაც დაიწყო.
„თუკი აქ ჩვენს მოქალაქეებს აშინებდა ომით და ვერ ბედავდა უცხოელ პარტნიორებთან მსგავსი რიტორიკით საუბარს, უკვე გავიდა საზღვარგარეთ პირდაპირ რუსეთის ემისარი და ელჩი გახდა. პირველი ტესტი გაიარა უნგრეთში, როცა იმ ოდიოზურ კონფერენციაზე გამოვიდა. ახლა ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე უნდა ეზრუნა, პირდაპირ პრორუსულ, ანტიქართულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას შეურაცხყოფს.
„სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით მოქმედი პირი რუსეთის ომისა და პროპაგანდის მანქანის გამჟღერებლადაა გადაქცეული. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა საქართველოსი, უკრაინის და იმ სტატუსის, რომლითაც ეს ადამიანი გამოდის საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებად ორივე მხარემ — რუსეთმა და უკრაინამაც უნდა გადადგას ნაბიჯები. ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა საკმარის ძალისხმევას არ სწევს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო საუბრების გასამართად.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს ომის დასრულების ნიშნებს და ვერც საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იმისთვის, რომ სამშვიდობო საუბრის წარსამართად სწორი ზომები გაატარონ.