ახალი ამბები

ღარიბაშვილი ჭკვიანურს უწოდებს ჩინეთის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომისადმი

24 მაისი, 2023 • 917
ღარიბაშვილი ჭკვიანურს უწოდებს ჩინეთის მიდგომას რუსეთ-უკრაინის ომისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩინეთის მიდგომა რუსეთ-უკრაინის ომისადმი „ძალიან ჭკვიანურია“.

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ღარიბაშვილს თბილისისა და პეკინის ურთიერთობებზე ჰკითხეს:

„ჩინეთს რაც შეეხება, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვზრდით ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს.

იცით რას აკეთებს ჩინეთი ამ კრიზისის განმავლობაში? მემგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა. მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი სახელმწიფოსგან თუ ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ, მოლაპარაკებებს უბიძგებს ქვეყნებს. გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს“, – უპასუხა მთავრობის თავმჯდომარემ.

დამაზუსტებელ კითხვას, უჭერს თუ არა მხარს ჩინეთის ინიციატივას, პრემიერმა ასე უპასუხა:

„ზოგადად ვამბობ. მე მშვიდობის ადამიანი ვარ. მჯერა სტაბილურობის და მოლაპარაკებების“.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩინეთს შედარებით ნეიტრალური პოზიცია უკავია – არ გმობს რუსეთის ქმედებებს, თუმცა არც ანექსირებულ ტერიტორიებს აღიარებს და ღიად მოსკოვს მხარსაც არ უჭერს. პეკინში ამბობენ, რომ მედიატორობა სურთ კონფლიქტის დარეგულირებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი